Wednesday, April 18, 2012
არის თუ არა ქართული სუფრის ტრადიციები ქართული
,,როდესაც ქართულსუფრასთან და ღვინის სმასთან დაკავშირებულ ადათ-წესებსა და უძველეს ტრადიციებზე ვსაუბრობთ, შეიძლება ბევრმა არც იცოდეს, რომ იმ ადათების უდიდესი ნაწილი, რომელთაც ქართულად მივიჩნევთ, ხშირ შემთხვევაში სულაც არაა ქართული და შემოსულია სხვა ხალხების კულტურებიდან. თითქმის ყველა დამპყრობელმა ქართველებს საკუთარი კულტურის ელემენტები დაგვიტოვა და მრავალი არაქართული, მაგრამ დაუსაბუთებლად ქართულად მიჩნეული ტრადიცია დღემდეა შემონახული. ქართველი ისტორიკოსებისა და ეთნოგრაფების ათეული წლების მანძილზე ჩატარებული კვლევებით ირკვევა, რომ ჩვენი სუფრული ადათ-წესები წმინდა კავკასიური ტრადიციების გარდა, მონღოლურ, არაბულ, ოსმალურ, ირანულ, ურარტულ, სკვითურ და კიმერიულ ტრადიციებსაც ეფუძნება.პრაქტიკულად არ გვყოლია ისეთი დამპყრობელი, რომელსაც ქართულ სიტყვიერებასა და სასმელის სმის კულტურაში რაიმე თავისი არ შემოეტანოს. ალექსანდრე ჯელაძე, ეთნოგრაფი: `მცდარი იქნება, თუკი დავიწყებთ იმის მტკიცებას, რომ ჩვენი კულტურა მხოლოდ კოლხურ-იბერიულ საწყისებზე აღმოცენდა. ამის ნათელი მაგალითია თუნდაც ქართული სუფრა, რომელშიც წმინდა ქართული დღეს ძალიან ცოტა რამ თუ არის. ღვინის დაძალება მონღოლებისაგან გადავიღეთ." - ამას რომ ადამიანი დაწერს ის სტატია არც უნდა წაიკითხო :):) - ,,როდესაც ადამიანს ღვინის დაძალება ტრადიცია ჰგონია და მასზედ ამდენს საუბრობს მეცნიერული თვალსაზრისით! ეს უკვე საკმარისია მიხვდე თუ რა დონის მცოდნესთან გაქვს საქმე! მითუმეტეს თუ ამ ავტორს დაუჯერებთ უზველესი ღვინის და სუფრის ქვეყანას (ჯერ კიდევ მაშინ არსებულს როდესაც არ მონღოლები არ არსებობდნენ, არც რუსები და მრავალი სხვა და მათი ტრადიციებიც) თითქმის არ გვქონია (არ შემოგვრჩენია)საკუთარი ტრადიცია...მარტო უნდა გაიღიმო... მითუმეტეს ავტორმა არც ტრადიციის მეცნიერული განსაზღვრება იცის რადგან ტრადიცია ეს არის სიღრმისეული (კულტურული ჩვევა, რომელიც მკვიდრედება არა საუკუნის არამედ ათასწლეულთა განმავლობაში!!! მრავალი თაობების მიერ!!!) და იგი საუკუნეთა მანძილზე აერ ქრება, შეიძლება ადგილობრივს დაემატოს რამე სხვა ტრადიცია და არა გაქვრეს ადგილობრივი და იქცეს დამპყრობლის (თუნდაც რამდენიმესაუკუნოვანი) ბოგინის შემოტანილად... ადგილობრივი ტრადიციისთვის უცხო და მიუღებელი ტრადიცია, თითქმის შეუძლებელია რომ ნებაყოფლობით დამკვიდრდეს ერის კულტურაში...
სააღდგომო რიტუალები
სააღდგომოდ კვერცხის წითლად შეღებვა ერთ ძველ გადმოცემას უკავშირდება:
ამაღლებამდე იესო ქრისტემ თავისი მოწაფეები სხვადასხვა მხარეს გააგზავნა, რათა ადამიანებისთვის უფლის სასწაულებრივი აღდგომა ეხარებინათ. საქადაგებლად გაეშურა მარიამ მაგდალინელიც. იგი რომის იმპერატორ ტიბერიუსს ესტუმრა, საჩუქრად კვერცხი გაუწოდა და ახარა: “ქრისტე აღსდგა!” იმპერატორმა ქალს ეჭვით შეხედა და წამოიძახა: “როგორ შეეძლო მკვდარს აღმდგარიყო?! ეს ისევე დაუჯერებელია, როგორც ის, რომ ახლა ეს კვერცხი გაწითლდესო” – სიტყვა არ ჰქონდა დასრულებული, რომ კვერცხი მართლაც გაწითლდა. ამ დღიდან მოყოლებული ტრადიციად იქცა კვერცხის წითლად შეღებვა. კვერცხი მარადიული სიცოცხლის სიმბოლოა, მისგან ცოცხალი არსება ევლინება ქვეყანას. იესო ქრისტე კი სწორედ ჩვენი ცოდვებისათვის ეცვა ჯვარს და სიცოცხლე მოგვანიჭა, წითელი ფერი სიმბოლოა იმ სისხლისა, მაცხოვარმა ჩვენთვის რომ გაიღო.
სააღდგომო რიტუალში მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა სარიტუალო კერძებს, კერძოდ კი პასქას, კულიჩსა და შეღებილ კვერცხებს. როგორც ბიბლია მოგვითხრობს, აღდგომის შემდეგ იესომ ტრაპეზი გაინაწილა თავის მოსწავლეებთან ერთად. სწორედ ამიტომ ჩამოყალიბდა აღდგომის დღესასწაულზე სპეციალურად გამომცხვარი პურის ტაძრად მიტანის ტრადიცია. საბერძნეთში ასეთ პურს უწოდეს “არტოსი.” მასზე გამოსახული იყო ჯვარი ან ჯვარი ეკლის გვირგვინით, როგორც ქრისტეს მიერ სიკვდილზე გამარჯვების სიმბოლო. ამ პურებს შემოატარებდნენ ტაძრების და მონასტრების გარშემო და აწყობდნენ სატრაპეზოში სპეციალურ მაგიდაზე, რომელიც განასახიერებდა მოციქულთა სუფრას და შაბათს, კურთხევის შემდეგ ურიგებდნენ მორწმუნეებს.
სააღდგომო სუფრა ყოველთვის გამოირჩეოდა სადღესასწაულო ელფერით. კერძები იყო მრავალფეროვანი, გემრიელი და ლამაზად გაფორმებული. უფრო შეძლებულ ოჯახებში მზადდებოდა 48 სახეობის კერძი, რაც 48 დღიან მარხვას ასახავდა. კულიჩებსა და პასქას ყვავილებით რთავდნენ. ყველაზე სასიამოვნო საქმედ კი სააღდგომო კვერცხების შეღებვა და მოხატვა ითვლებოდა. საქართველოში კვერცხებს ტრადიციულად ღებავენ ენდროს ძირების ნახარშში, უფრო გავრცელებული კი ენდროს ძირებისა და ხახვის ხმელი ფურცლების ნარევია. ამასთანავე, ბევრ ოჯახს ტრადიციად ჰქონდა წითლად შეღებილი კვერცხების ზემოდან მოხატვა. ქართული ტრადიციით, კულიჩის ნაცვლად, იგივე შემადგენლობის ცომით თონეში აცხობდნენ ნაზუქებს. სუფრაზე ასევე აუცილებლად უნდა ყოფილიყო ქადები და ხორბლისგან მომზადებული კერძი, რომელიც სხვადასხვა კუთხეში სხვადასხვანაირად მზადდებოდა.
ხევის სოფლებში აღდგომის აღნიშვნის სხვადასხვანაირი ტრადიცია არსებობდა. სოფელ სნოში ამ დღეს ახალგაზრდა ვაჟთა მშვილდ-ისრებიანი ჯგუფი იკრიბებოდა, რომელსაც სოფლისთვის პატივსაცემი უფროსი ასაკის მამაკაცი ხელმძღვანელობდა. ჯგუფი მთელ სოფელს მოივლიდა, ყოველ მცხოვრებს შინ ეწვეოდა. ჭიშკართან ჯგუფის უფროსი დაიძახებდა – “ქრისტე აღსდგა!” შემდეგ ახალგაზრდები ერთდროულად უპასუხებდნენ – “ჭეშმარიტად!” ოჯახის დიასახლისი გამოეგებებოდა სტუმრებს და შესაწირი გამოჰქონდა – სააღდგომო კვერცხები, რომლებსაც ეზოს შუაგულში აწყობდნენ, თან ხმამაღლა იძახდნენ რომელ კვერცხს რომელი ოჯახის წევრის სახელზე დებდნენ. მწკრივში დალაგებულ კვერცხებს ახალგაზრდები რიგ-რიგობით ესროდნენ ისრებს, მანამ, სანამ ყველა კვერცხს არ მოარტყამდნენ. ბედნიერად ითვლებოდა ის, ვის სახელზე დადებული კვერცხიც პირველი გატყდებოდა. ხშირად სოფლის მცხოვრებნი კვერცხთან ერთად სხვადასხვა საკვებს და ფულს სწირავდნენ. აღდგომის დღეს მოხევეები თვით ახლად დაკრძალულ მიცვალებულსაც არ მოიხსენიებდნენ, მიცვალებულებისთვის სპეციალურად დღესასწაულის მეორე დღეს ღებავდნენ კვერცხს. ბრწყინვალე აღდგომის აღნიშვნის ტრადიციები გარკვეული სახეცვლილებით ხევში დღემდე არსებობს.
სამხრეთ საქართველოში სააღდგომო პურობის აუცილებელი ატრიბუტი იყო სპეციალურად შემონახული მშრალად მოხარშული ღორის ბარკალი, წითელი კვერცხები, ქადა, შოთი, ყველი, მწნილეულობა, სხვადასხვა ჩირი და ღვინო-არაყი.
გურიაში ყოველ წელს სააღდგომო დღესასწაულთან დაკავშირებით იმართება ლელო-ბურთი. ამ დღისთვის სპეციალურად ამზადებენ სასმელს, რომელიც აგუნას წარმართულ რიტუალს უკავშირდება და ქრისტიანულ ტრადიციებთან იყო შერწყმული. სასმელის შემადგენლობაში შედიოდა თაფლი, ღვინო და ბროწეულის წვენი. აღნიშნული პროდუქტები ადამიანის ორგანიზმზე მატონიზირებელ მოქმედებას ახდენს და ლელობურთის მოთამაშეებს სიმხნევეს მატებდა.
იმერეთში ღამე ეკლესიის ზარების რეკვასთან ერთად ბუკის ძახილიც სცოდნიათ, მამლის პირველ ყივილზე ეს ხმა ხალხს წირვაზე დასასწრებად უხმობდა. ამბობენ, რომ მესამე ყივილზე მრევლი უკვე ტაძარში მიდიოდა.
სამეგრელოში სააღდგომო წირვა შუაღამით იწყებოდა. ტაძარი ხალხით ივსებოდა და ყველგან უამრავი სანთელი ენთო. ბოლოს “ქრისტე აღსდგას” გალობით ყველა შინ ბრუნდებოდა. ყველიანი და კვერცხიანი პურის კვერები და შემწვარი გოჭი მეგრული სააღდგომო სუფრის განუყოფელი ნაწილი იყო.
კახეთში აცხობდნენ ქადებს, ნაზუქებს, კლავდნენ საკლავს და ეპატიჟებოდნენ სტუმრებს. კახურ სუფრას, რა თქმა უნდა, ამშვენებდა კარგი წითელი ღვინო. ამ კუთხეში დღემდე შემორჩენილია რწმენა, რომ ვინც წითელ პარასკევს ჩურჩხელას შეჭამს, მთელი წლის განმავლობაში ქვეწარმავლებისგან საფრთხე არ დაემუქრება.
საქართველოში ოდითგანვე არსებობდა ჭონაობის ტრადიცია. აღდგომა დილას რამდენიმე კაცი ერთად იკრიბებოდა, სოფელში თითოეულ ოჯახს ჩამოუვლიდა, ულოცავდა დღესასწაულს და საგალობელს მღეროდა:
“ჭონას დავალთ მადლობითა,
ღმერთი თქვენი წყალობითა,
ლოცვას ღამიან მოისმენთ
ქრისტე ღმერთის ბრძანებითა,
ლიტანიას შემოვუვლით
სანთელ კელაპტარებითა.”
მახარობლები როცა სიმღერას დაამთავრებდნენ, სახლის ბანიდან თოკით კალათას ჩაუშვებდნენ და ისევ აგრძელებდნენ:
“ალათასა ბალათასა,
ჩამოვკიდავ კალათასა,
ერთი კვერცხი ჩვენ მოგვეცი,
ღმერთი მოგცემს ბარაქასა.”
ამ დროს დიასახლისი კალათაში წითელ კვერცხებსა და ტკბილეულს ჩაალაგებდა, მახარობლები მიიღებდნენ შესაწირს და სხვა ოჯახს მიადგებოდნენ. მეჭონეების ხელცარიელი გაშვება ცუდის ნიშანი იყო. ყველა ცდილობდა, ისინი გულუხვად დაესაჩუქრებინა.
ევროპაში აღდგომას ცოტა განსხვავებულად ხვდებიან, თუმცა შეღებილი კვერცხები, კულიჩი, პასქა და ტკბილეული იქაც აუცილებელ პირობას წარმოადგენს. სხვადასხვა კულტურებში არსებობს ტრადიციები, რომელიც დაკავშირებულია ვნების კვირასთან, ქრისტეს აღდგომის დღესასწაულთან. მაგალითად, ბზობის დღესასწაულს, რომლის დროსაც მაცხოვარის იერუსალიმში შემოსვლას ვზეიმობთ, შვეიცარიაში “ზეთისხილის” კვირა ჰქვია, ხოლო ესპანეთში, გერმანიასა და იტალიაში “პალმის კვირას” უწოდებენ. ამ დღესასწაულს დიდი მნიშვნელობა ენიჭება. იგი თავისი ფორმით ძალიან ახლოს დგას ბზობასთან. ხალხში გავრცელებული შეხედულების თანახმად, ნაკურთხი ტოტები ადამიანს ბოროტი ძალებისაგან იცავს. ადრე მათ წვავდნენ უამინდობის დროს, რათა სახლი დაეცვათ.
დიდ ხუთშაბათს ბულგარეთში აცხობენ სადღესასწაულო ნამცხვარს. ჩეხეთში – მწვანე ფერის საჭმელს მიირთმევენ, ხოლო სერბეთში უპირატესობას ჭინჭრისგან დამზადებულ კერძებს ანიჭებენ. პოლონეთში სააღდგომოდ გავრცელებულია კრაკოვული ტორტის გამოცხობა, რომლის ცომიც მოხარშული კვერცხის გულებით მზადდება და მისი გასინჯვა მხოლოდ 3-4 დღის შემდეგ შეიძლება. ევროპულ ქვეყნებში სააღდგომო კვერცხებთან უამრავი გართობაა დაკავშირებული. ბავშვებს გორაკებზე მიაქვთ შეღებილი კვერცხები, აგორებენ და ვისი კვერცხიც ყველაზე შორს გაგორდება, გამარჯვებაც მას ეკუთვნის. აღდგომა დღეს მოედნებზე სპეციალურად იკრიბებიან ადამიანები და ერთმანეთს წითელ კვერცხებს და სხვადასხვა სახის მონეტებს ესვრიან. აღდგომის ერთ-ერთ სიმბოლოდ მიჩნეულია კურდღელი. ამზადებენ კურდღლის ფორმის ნამცხვრებს, მას გამოხატავენ სადღესასწაულო სუფრებსა და ხელსაწმენდებზე. კურდღელს არ გააჩნია არანაირი ქრისტიანული დატვირთვა. იგი უძველეს კულტს უკავშირდება, რომელიც გაზაფხულზე იმართებოდა წარმართულ დროს. კვერცხების შეღებვასთან ერთად ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში ამზადებენ შოკოლადისა და შაქრის კვერცხებს, ყვავილებით რთავენ სახლებს და ქუჩებს. გავრცელებულია რწმენა, რომ წითელ პარასკევს დადებული კვერცხი მომავალ აღდგომამდე არ ფუჭდება. გერმანელები მას სასწაულებრივ ძალას მიაწერენ და ასეთი კვერცხის ჭამას უშვილო ქალებს ურჩევენ. ქრისტიანული სამყაროს ამ უდიდესმა დღესასწაულმა დროთა განმავლობაში საერთო სახალხო ზეიმის სახე მიიღო, რომელშიც სიამოვნებით იღებს მონაწილეობას დიდი თუ პატარა, ქალი თუ კაცი
სტატიის მისამართი: http://24saati.ge/index.php/category/style/wine/2010-04-02/5065.html
ძველი და ახალი ქართული სადღეგრძელოები.მათი განვითარების საფეხურები
ცნობილი ამბავია, რომ საუკუნეების წინ, საქართველოში სადღეგრძელოების უმეტესობა იყო ძალიან მოკლე და ხშირად სულ რამდენიმე სიტყვიანი. თუმცა, როგორც წესი, მათი შინაარსი უფრო ტევადი და მრავლისმთქმელი იყო, ვიდრე დღევანდელი გაწელილი და ფაქტიურად არაფრისმთქმელი სადღეგრძელოები.
იმერეთი
ყველასთვის კარგადაა ცნობილი იმერული სტუმართმოყვარეობა და იმერული სუფრის მართლაც რომ განსაკუთრებული ხიბლი. გამოთქმაც არის ასეთი: ”იმერეთში ერთი ქეიფი, ხონთქრის ას წყალობას უდრისო”. იმერეთში სადღეგრძელოები მეტად თავისებური და ორიგინალურია. სუფრა სტუმრების დალოცვით იწყება და ოჯახის (ანუ მასპინძელთა) დღეგრძელობით მთავრდება. ეს თავისთავად ძალზე განსაკუთრებული ფენომენია. სუფრის გაშლის მთავარ მიზეზად სტუმრიანობის მიჩნევა ერთგვარად სტუმრის დაფასების დიდ ტრადიციას გულისხმობს, ხოლო ოჯახის ბოლოს დალოცვა მასპინძლის მხრიდან თავმდაბლობის მაჩვენებელია, ანუ ნაგულისხმევია, რომ ”კი ბატონო, მე, როგორც მასპინძელ;მა გავშალე სუფრა, მაგრამ აქ, შენ, სტუმარი, უფრო მნიშვნელოვანი ხარ, რადგან შენ რომ არ ყოფილიყავი, არც არაფერი იქნებოდაო”.
იმერეთში, როგორც საქართველოს სხვა კუთხეებში, რა თქმა უნდა განსაკუთრებულ სადღეგრძელოებს დიდი სასმისებით სვამენ, მაგრამ კახეთისგან განსხვავებით იქ სმაში ურთიერთშეჯიბრი შედარებით იშვიათია. იმერეთში სუფრა, უპირველეს ყოვლისა, მხიარულება-გართობის შესაქმნელ ატრიბუტადაა აღქმული, ამიტომ სასმელი, როგორც გუნება-განწყობის გამოსაკეთებელი ფენომენი, ისე მიიჩნევა. სუფრის სამხიარულო განწყობის შექმნის სურვილი იმერლებისთვის დამახასიათებელ სუფრის სადღეგრძელოებშიც შეინიშნება და თამადაც ყოველთვის ცდილობს, არ მოაწყინოს თანამესუფრეები, თუნდაც სადღეგრძელოთა მრავალფეროვნებით (სიმღერის და ცეკვის ნება).
კახეთი
ჩვენს მიერ უკვე ნახსენებ კახურ სუფრაზე თამადის დატვირთვა და მნიშვნელობა განუზომელია. ბევრის აზრით, კახურ სუფრაზე თამადა დიქტატორია. მისი სადღეგრძელოები მთელი სუფრის განმავლობაში ყველამ (მამაკაცებმა) უნდა შესვას. თუ ეს ასე არ მოხდა, ანუ ”კონტროლი დაირღვა”, მაშინ კახელი თამადა, თავს მოვალედ ჩათვლის, სუფრის წევრს უბრძანოს ”დანებების” ნიშნად ”თითი მოკაკვოს”. კახური სუფრა, როგორც წესი, მარათონია სმაში, თუმცა ეს იმას სულაც არ ნიშნავს, რომ იქ წარმოთქმული სადღეგრძელოები ქართული ისტორიული ტრადიციების გაგრძელება არ იყოს. თუკი სადმე შემონახულია სადღეგრძელოების უძველესი კულტურული სახეები, ეს უპირველეს ყოვლისა, კახეთშია.
შემთხვევითი სულაც არა არის, შესანიშნავ ქართულ მოკლემეტრაჟიან ფილმში ”ღვინის ქურდებში”, კახელი მწყემსები პატარების დალოცვისას წიწილას რომ ისვამენ ხელისგულზე და მისი თამადობით სვამენ ამ სადღეგრძელოს. ეს მხოლოდ მეტაფორა ნამდვილად არ არის. კახეთი, მოგეხსენებათ ისტორიულად მუდამ მტრისგან განადგურების საფრთხის წინაშე იდგა და იქ დაბადებული ყოველი პატარა არსება (თუნდაც წიწილა) მიიჩნეოდა, როგორც ახალი იმედის დაბადება. ასევე ლადო ასათიანის ლექსში ”ლხინი კახელებთან” ძალზე კარგადაა ასახული ასათიანის, ლეჩხუმელი კაცის თვალით დანახული კახური სუფრა – სადღეგრძელოების მთელი ეს განსაკუთრებულობა, რაც დღეს პირუთვნელი სახითაა შემორჩენილი ზოგან. კახეთში ხომ სმაში შეჯობრის გარდა, სადღეგრძელოების ლაზათიანად და შთამბეჭდავად თქმაშიც ეჯიბრებიან ერთმანეთს კაცები.
გურია
გურულების სუფრის ყველაზე დამახასიათებელ სადღეგრძელოდ უმთავრესად, პირველი, ანუ მშვიდობის სადღეგრძელოა მიჩნეული. მშვიდობის არსის ესოდენი გაიდეალება გურიაში, უპირველეს ყოვლისა იმაზე მიუთითებს, თუ როგორ მაღალ რანგში ჰყავს აყვანილი მშვიდობა ამ ხალხს. მართლაც და, განა ჩვენი ქვეყნის სხვა მხარეებში ნაკლებად სურდათ მშვიდობა? განა სხვა კუთხეებში, თუნდაც იგივე ქართლში, კახეთში, ან თუნდაც მესხეთ – ჯავახეთში გურიაზე ნაკლები ბრძოლა და უბედურება ტრიალებდა? მშვიდობის არსი კი, როგორც აღმოჩნდა, ყველაზე მეტად გურულებმა გაიგეს და გაითავისეს. გურული კაცის აზრით, სასმელი (უფრო მეტად არაყი) რაც უნდა ძლიერი იყოს, გურულ დიალექტზე რომ ვთქვათ, რაც უნდა ”გჭყანავდეს” და თუნდაც მხოლოდ სამი ჭიქის დალევა შეგეძლოს, ამ სამიდან ერთი აუცილებლად მშვიდობისა უნდა დალიოთ, რადგან მშვიდობა ყველაზე მაღლა დგას.
გურიაში გარდაცვლილებსაც განსაკუთრებით მოიგონებენ, რადგან იციან, რომ ასეთ წესზე გაზრდილი უმცროსი თაობაც მათ მიბაძავს და როდესაც უფროსები გარდაიცვლებიან, არც მათ დაივიწყებენ სიკვდილის შემდეგ.
თბილისი
საქართველოს უკვე ჩამოთვლილი კუთხეების გარდა, ჩვენი ქვეყნის სხვა მხარეებშიც – სამეგრელოში, ქართლში, სვანეთში, რაჭა-ლეჩხუმში, აჭარაში და ა. შ. რა თქმა უნდა არის სადღეგრძელოების, როგორც ერთმანეთის მსგავსი, ასევე განსხვავებუკლი ტრადიციები. მაგრამ ამჯერად ალბათ ყველაზე საინტერესო იქნება, თუკი დედაქალაქზე, თბილისზე შევჩერდებით, სადაც გაერთიანდა საქართველოს ყველა კუთხე-კუნჭულიდან შემოსული სადღეგრძელოების წესები და დღეს უკვე თამამად შეიძლება ითქვას, რომ ჩამოყალიბებულია. მაშ, ასე, როგორია დღეს, 21-ე საუკუნეში დედაქალაქში გაშლილ სუფრებზე წარმოთქმული სადღეგრძელოების თანმიმდევრობა.
პირველი, როგორც წესი, თუ ლხინის სუფრაა, ისმება ურთიერთშეხვედრის ან არჩეული თამადის სადღეგრძელო. შემდეგ უკვე – ლხნის ”მიზეზი” ილოცება განსხვავებული სასმისით (ის შეიძლება ცალკეული ადამიანი, ანდა რაიმე ღირსშესანიშნავი დღე იყოს), მერე უკვე მშობლების, დედმამიშვილების, წინაპრების (ბებია-ბაბუის) სადღეგრძელოები მოდის (თანმიმდევრობა დაცულია). ამ სადღერძელოებს შორის მშვიდობის სადღეგრძელოს ჩართავენ, ასე თუ ისე, ნებადართულად ითვლება.
შემდეგ, რა თქმა უნდა, წასულების შესანდობარია სათქმელი, რომელსაც სიცოცხლის, ე.ი. პატარების სადღეგრძელო მოჰყვება. მერე, როგორც წესი ერთიანი საქართველოს სადღეგრძელოს სვამენ და აი, ამ ფრიად სავალდებულო სადღეგრძელოების შემდეგ კი ყველაფერი თამადის სურვილზე, შესაძლებლობასა და ალღოზეა დამოკიდებული.
Thursday, April 5, 2012
ქორწილი ქართული ტრადიციებით
საქორწილო ტრადიციები ძველ საქართველოში
ქორწილი უმნიშვნელოვანესი დღეა თითოეული ადამიანის ცხოვრებაში. განსხვავებულია ამ დღის აღნიშვნის წესები სხვადასხვა ერის ადამიანებში. ქართველებს კი როგორც ერთ-ერთ უძველეს ხალხს, თავისი ხასიათისა და ცხოვრების წესის შესაბამისი საქორწილო რიტუალი, წეს-ჩვეულებები შეუქმნიათ და პოეზია შეუმუშავებიათ.
ქართული საქორწინო ცერემონიალი რამდენიმე საფეხურს ითვალისწინებდა: დაკვლევა-გარიგება; დაწინდვა ანუ ნიშნობა; საპატარძლოსთან გამოთხოვება; ქორწილი და პატარძლის სამუშაოზე გაყვანა.
დაკვლევა-გარიგების ტრადიცია ძველთაგანვე ჩამოყალიბებულა. ქალების დაკვლევის შესაძლებლობა ახალგაზრდა ვაჟებს ჰქონდათ ქორწილში, სამგლოვიარო ცერემონიალზე, ყანის მკისა და პურის ლეწვისას, წყაროდან წყლის მოტანისას… ეს ქალ-ვაჟთა ურთიერთ მოწონების უშუალო პროცესი გახლდათ. ამის პარალელურად არსებობდა გარიგება, როცა წინამძღვარი, ანუ მაჭანკალი, აქორწინებდა ზოგჯერ სრულიად უცნობ და ერთმანეთის უნახავ ახალგაზრდებს. მაჭანკალი ქალ-ვაჟის მშობლებს აცნობდა ერთმანეთის ქონებრივ მდგომარეობას, წარმომავლობას, ჯიშ-ჯილაგს, ქალის მზითევის რაობას და ა.შ. აღნიშნული ტრადიცია ხალხური ლექსითაა გაკიცხული:
კაცი თუ ვარგა, ჯილაგი ნეტა რა საძებარია?
თუ თვით არ ვარგა, სუყველა ფუჭი და საცინარია.
აკვანში დანიშვნის ტრადიცია კი მთელ საქართველოში იყო გავრცელებული. ერთმანეთისადმი მეგობრულად განწყობილი მშობლები დანათესავების სურვილით ნიშნავდნენ უკვე მოზრდილ ბავშვებსაც. ეს ტრადიცია ზოგჯერ უკონფლიქტო ქორწინების საფუძველს ქმნიდა, მაგრამ იყო სისხლისღვრისა და პიროვნული ტრადიციების საბაბიც. გაზრდილი ქალ-ვაჟი ხშირად შეუძლებლად მიიჩნევდა მშობლების ნების აღსრულებას, რაც არასასურველი შედეგით მთავრდებოდა.
ძველად ქალის დანიშვნისათვის გამოიყენებოდა ტყვია, ჯოხი, ისარი, დამბაჩა, ხანჯალი, ყვავილი, ვაშლი, ქუდი და სხვ. ამასთან, რადგან პატრიარქალური ყოფა ქალისგან დიდ შრომას და შესაბამისად, ენერგიას მოითხოვდა, საპატარძლოს ჯან-ღონით სავსეს და საქმიანს არჩევდნენ.
ქორწინება სამეურნეო მნიშვნელობის საზოგადოებრივი აქტი იყო. ეთნოგრაფიული ლიტერატურის თანახმად, გვარის, ოჯახის გამაერთიანებლად ითვლებოდა კერის კულტი, კერა იყო მარადიული ცეცხლის სიმბოლო. ქრისტიანული ჯვრისწერის დამკვიდრებამდე ნეფე-დედოფალს კერის გარშემო შემოატარებდნენ და გვირგვინს უკურთხებდნენ ვაჟის სახლშიც და ქალთანაც. ცერემონიალი წარმართული ხანიდან მომდინარეობდა და სიმღერის თანხლებით სრულდებოდა. კერისა და შუა ცეცხლის გარშემო შემოტარებით მექორწინენი ასრულებდნენ მაგიურ ქმედებას, რომლის მიზანსაც ავი თვალისგან დაცვა წარმოადგენდა.
ქართული საქორწილო რიტუალის ერთ-ერთ მნიშვნელოვან დეტალს წარმოადგენდა მექორწინეებისათვის თავზე ხორბლის მარცვლების გადაყრა და პატარძლისათვის კალთაში პატარა ბიჭის ჩასმა. ამ ქმედებათა კვალი დღევანდელ სინამდვილეშიცაა ნაწილობრივ შემორჩენილი. საქორწილო ცერემონიალის ერთ საინტერესო მომენტს წარმოადგენდა ასევე მშობლიურ კერასთან პატარძლის გამოსამშვიდობებელი რიტუალური ტირილი.
ქორწილის ერთი თვის შემდეგ პატარძალი წყალზე გაჰყავდათ, რითაც იწყებოდა მისი გარესამუშაოებზე დასაქმება. ქალი ამით პატარძლობას ასრულებდა და ოჯახის დიასახლისობას იწყებდა. დღეს კი ეს წესი არათუ შეცვლილი ფორმით, არამედ საერთოდ აღარ გვხვდება.
საქორწინო სიმღერათა შორის განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს “მაყრული’”. მაყრები ნეფესაც ჰყავდა და დედოფალსაც. თამაშდებოდა პატარძლის დამალვა, ვაჟის მაყრების მიერ პატარძლის ჯერ მოძებნა, შემდეგ გამოსყიდვა. სიძის საცემრად ქალის მაყრების გაწევა, ნეფის გვირგვინის ტალახში ამოსვრის ცდა, ვაჟის მაყრების “აწიოკება” უძველესი საქორწილო რიტუალის ნაშთია, ხის ჯვარზე ასხმული ვაშლების მსგავსად, რაც აყვავებას გულისხმობდა. სასიძო გამოიცდებოდა გონებამახვილობასა და სიბრძნეში. მრავალფეროვანია მაყრული სიმღერებიც.
მაყართა შორის მნიშვნელოვანია მახარობლის როლი. ის თოფის სროლითა და ყიჟინით ჯერ ნეფის მოსვლას ახარებს პატარძლის ოჯახს, შემდეგ კი ვაჟის სახლში მიდის. მახარობელს საჩუქარი სჭირდება.
პატარძალს კარგი ფეხი უნდა ჰქონდეს და ახალ ოჯახში ბედნიერება უნდა შემოიტანოს. დამხვდურები კი მას ტკბილეულით უმასპინძლდებიან. ახალმა რძალმა გვარი უნდა გაამრავლოს.
იუმორი, სიცილი, სიმღერა, ცეკვა-თამაში საქორწინო ცერემონიის აუცილებელი ატრიბუტი გახლდათ. ქართული დალოცვა – სადღეგრძელოების მთავარი თემა კი ცხადია, ნეფე-პატარძალია. აქებენ მათ მშვენიერებას, ვაჟკაცობას, ზრდილობას, გონიერებას, უსურვებენ გამრავლებასა და ბედნიერებას.
ბუნებრივია, დღეს არც საქორწილო ცერემონიალია ისეთი, როგორც ძველ საქართველოში იყო და არც შესაბამისი საქორწილო პოეზია.
მიზანი
”ძველი ქართული ადათ-წესები” - ეს თემა იმიტომ ავირჩიე, რომ ჩემს მიზანს წარმოადგენს ძველი ქართული ტრადიციები დავიწყებას არ მიეცეს და შევინარჩუნოთ ყველაფერი ის რაც ჩვენთვის ძვირფასია”.
ამავდროულად მე მსურს რომ ძველი ტრადიციები შევადარო თანამედროვე ქართულ ტრადიციებს,რა იყო,როგორ შეიცვალა,უკეთესია თუ არა და რა არის ცუდი!
”მხოლოდ წარსულის ცოდნით დაუცავს ყოველ ერს თავისი ეროვნება,თავისი არსებობა,თავისი ვინაობა.”
Subscribe to:
Posts (Atom)